დიდი პასუხისმგებლობაა იყო წარმატებული ქალი, ვინაიდან, ბევრი გარშემომყოფისთვის მაგალითსა და მოტივაციის წყაროს წარმოადგენ. წარმატება კი ყველაზე სასიამოვნო მაშინ არის, როდესაც დიდი შრომის შედეგად მოდის. OK! წარმოგიდგენთ ინტერვიუს დეველოპერული კომპანია Apart Development-ის აღმასრულებელ დირექტოთან, თათა დგებუაძესთან, რომელმაც ისაუბრა მის მიერ განვლილი გზის, მიღწევებისა და ოჯახის შესახებ.

თათა, თქვენ დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ ადრე დაიწყეთ. გვიამბეთ თქვენ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯების შესახებ.

ზოგადად, ვთვლი, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება აუცილებებლია ყველა ახალგაზრდისთვის, ამის გარეშე, ვერ შეიცნობ საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, მეც მეგონა, რომ უკვე ,,დიდი’’ გოგო ვიყავი, რადგან ჩემი მეგობრები უკვე ოჯახებს ქმნიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც გავცდი ჩემს სოციუმს და უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ სწორედ ახლა ვსწავლობდი ცხოვრების ანა-ბანას, მივხვდი ფულის ფასს, თუ რატომ მასწავლიდა მამაჩემი დღიური ბიუჯეტი მქონოდა განსაზღვრული, რომელშიც უნდა ჩავტეულიყავი… გარდა იმისა, რომ ლონდონში ძალიან საინტერესო თეორიული ცოდნა და აკადემიური ხარისხი მივიღე, ვთვლი, რომ ის ცხოვრებისეული გამოცდილება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. და დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ აქედან იწყება ჩემი კარიერა, კაფის მომსახურე პერსონალის დონიდან, პროფესიული გამოცდილებების გავლით დღემდე…

მაშინ, როცა იცი, რომ საკუთარ თავზე სრულად შენ ხარ პასუხისმგებელი ფინანსურად, განსაზღვრული გაქვს ყოველკვირეული ხარჯი და ხვდები, თუ ამ თანხას ვერ გამოიმუშავებ, უბრალოდ უკან დაბრუნება მოგიწევს (ვუტრირებ, ცხადია, მშობლების მხარდაჭერის იმედი სულ მქონდა) ხვდები, რომ დასვენების უფლება და დრო უბრალოდ არ გაქვს. თუ ძალიან სწორად არ განსაზღვრე ყოველი დღე, საათი, შეიძლება თვის ბოლოს უბრალოდ საჭმლის ფული არ დაგრჩეს. ცხადია, ეს ყოველდღიური რუტინა რომ განვაზოგადოთ, ვნახავთ რომ ცხოვრების სქემაა ასე აწყობილი – თუ არ ჩერდები, არ გეზარება, არ გეშინია – გიფასდება და არასოდეს ,,მოგშივდება’’ და თუ მხოლოდ სხვის იმედად ხარ, ერთ დღესაც ის ,,სხვა’’ უბრალოდ აღარ დაგაფინანსებს

.ფილოსოფია იქით იყოს და ჩემი კარიერული პირველ ნაბიჯები, მაშინ მწარედ, ახლა კი ღიმილით მახსენდება. მაგალითად, მიმუშავია ისეთ კაფეში, სადაც დილის 5 საათზე იატაკების წმენდით ვიწყებდი, პარალალურად უმაღლესი კლასის რესტორანში, სადაც პირადად მოვმსახურებივარ ჯუდ ლოუს, ჰიუ გრანტს (რომელსაც შემთხვევით ყავა გადავასხი) ყველაზე კარგად ანაზღაურებადი სამსახური კი მაღაზია ,,ზარას’’ დარბაზის მენეჯერობა იყო, რასაც არა მხოლოდ მე, მთელი ჩემი სამეგობრო სიამაყით აღნიშნავდნენ ხოლმე, რადგან ემიგრანტი სტუდენტისთვის საათში 10-15 ფუნტის ანაზღაურება დიდ ფუფუნებად ითვლებოდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში დავბრუნდი, ჩემი კარიერა უკვე პროფესიული კუთხით განვითარდა. მეამაყება, რომ პირველი, უმსხვილესი სარეკლამო ინდუსტრიის ,,სარკის’’ თანამშრომელი ვიყავი, რომელმაც ამ სფეროს ტოპ მენეჯერები გამოზარდა. მას შემდეგ არაერთი მსხვილი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია გამოვიარე და ამ დაგროვილი გამოცდილებით, რიგითი მენეჯერიდან ჯერ დეპარტამენტების უფროსად ვიმუშავე, ახლა კი კომპანიის მმართველ პოზიციაზე ვარ.

როგორ ახერხებდით უცხო ქვეყანასა და გარემოსთან შეჩვევის, განათლების მიღებისა და მუშაობის სინთეზს?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ კი გააზრებული გაქვს მიზანი, რისთვის მიდიხარ, რა გინდა მიიღო ამ პერიოდისგან და როგორი უნდა დაბრუნდე შენს ქვეყანაში, ზუსტად უნდა განსაზღვრო ყოველი დღე.

როგორც კი ჩავედი, მაშინვე ჩამოვიყალიბე სამოქმედო გეგმა, როგორც სტუდენტს, შემეძლო ოფიციალურად მემუშავა მხოლოდ 20 საათი კვირაში, დამატებითი სამუშაოები, დამატებითი შემოსავალი იყო, ასევე მქონდა 2 პარალალური კურსი და 1 თავისუფალი დღე, რომელსაც აუცილებლად ვუთმობდი გართობა-დასვენებას.

შესაბამისად, იყო პერიოდი, როცა დღეს დილის 5 საათზე ვიწყებდი და ღამის 12-ზე ვასრულებდი, დაახლოებით ამ გრაფიკით:
05:00 – 09:00 – კოფი შოფში მუშაობა;
10:00 – 14:00 – ლექცია
15:00 – 18:00 – ზარაში მუშაობა;
19:30 – 22:30 – ლექცია

სწორედ ამ პერიოდმა გამზარდა და დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. საბოლოოდ, ჩემ მიერ გამომუშავებული თანხით, გარდა იმისა, რომ ფინანსურად აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, შევძელი ინგლისის არაერთ ქალაქში და რამდენიმე ქვეყნაში მოგზაურობა. ამასთან ერთად, ძალიან სასაცილოდ მახსენდება ის, რომ ყოველი კვირის ბოლოს, ხელფასის აღების შემდეგ, ე.წ. ,,თავისუფალი ფული’’ რაც მრჩებოდა მივრბოდი ჩემს საყვარელ მაღაზიებში, სადაც თითქმის ყოველთვის ვყიდულობდი არა ყოველდღიურ ტანსაცმელს, რაც იქ მჭირდებოდა, არამედ პიჯაკებს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს და სახლში ვაგზავნიდი, წარწერით – ,,რომ ჩამოვალ, დამჭირდება’’. ასე დავაგროვე მშვენიერი ,,ბიზნეს ლედის’’ გარდერობი, რისთვისაც ქვეცნობიერად იქიდანვე ვემზადებოდი.

თქვენ რამდენიმე ე.წ. ,,სელებრითი’’ ახსენეთ, ვინ არიან ის განსაკუთრებული ადამიანები ან სიტუაციები, ვისაც უცხოეთში ცხოვრების დროს შეხვედრიხართ?

დიახ, საბედნიეროდ მსოფლიოს გულში (ლონდონს ვგულისხმობ) ყოფნა იმითაც არის გამორჩეული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გადაეყარო შენს კუმირს, ან მეტიც, დედოფალთან დაახლოებული პირების გარემოცვაში მოხვდე.

,,სელებრითებზე’’ სანამ გადავალთ, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მნიშვნელოვან დღეს გავიხსენებ, როდესაც მქონდა ბედნიერება, ბატონი გელა ჩარკვიანის ელჩად ,,კურთხევის’’ ცერემონიას დავსწრებოდი. ბატონი გელა და ქ-ნი ნანა დედოფალთან იმყოფებოდნენ ოფიციალური ვიზიტით, სრული ეტიკეტის დაცვით, საოცარი ცერემონია შედგა, ბატონები რამდენიმე ეტლით და დედოფლის საპატიო დაცვით მოაცილეს ღონისძიებაზე, სადაც მათ უკვე საქართველოს გამორჩეული წარმომადგენლები ელოდნენ ახალი წოდების მისალოცად. ძალიან მადლიერი ვარ ბედის და ჩემი მეგობრების, ვისი წყალობითაც მეც არაერთხელ მომიწია მსგავსი, მაღალი დონის ღონისძებაზე, სტუმრის ამპლუაში ყოფნა. ამის პარალალურად კი, შეიძლება მსგავსი წვეულებიდან მეორე დღეს მე თავად მემუშავა ასეთ ღონისძიებაზე მიმტანად. მახსოვს ასევე ერთი გამორჩეული დღე სასტუმრო ,,დორჩესტერში’’, სადაც რომელიღაც საერთაშორისო დაჯილდოვების ღონისძიება იმართებოდა და გალა ვახშამზე პირადად ვემსახურებოდი ჯუდ ლოუს. ერთხელ კი, კოფი შოფში მუშაობისას ,,რიგითი’’ კლიენტის ამპლუაში ჩემი ბავშვობის კუმირი, ჰიუ გრანტი შემხვდა.

მოდით, დავუბრუნდეთ დღევანდელობას. წარმატებული ქალის ინსპირაციის წყაროს ხშირად მისივე ოჯახი წარმოადგენს. გვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გეხმარებათ თქვენი ოჯახი დასახული მიზნის მიღწევაში?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კარიერულ ზრდაში და წარმატებულ ქალად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახს. რომ არა ჩემი მეუღლის და ჩვენი მშობლების მხარდაჭერა, თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა 3 შვილის გაზრდის პარალელურად სამსახურეობრივი საქმიანობით დავკავებულიყავი იმ დოზით, როგორც დღეს ვარ ჩართული. დიდ ძალისხმევას მოითხოვს ქალისგან დროის სწორად გადანაწილება, ისე, რომ არც ოჯახს მოაკლო ყურადღება და სამსახურეობრივ საქმიანობაშიც სრულყოფილად იყო ჩართული. ხშირად მაქვს დანაშაულის განცდა შვილებთან, ხომ არ აქვთ დედის დანაკლისი, ვცდილობთ მათთან გატარებული ყოველი საათი იყოს ხარისხიანი და მხოლოდ მათ სურვილებს მორგებული. სამივე განსხვავებული ასაკისაა, განსხვავებული ინტერესებით, რაც კიდევ უფრო ართულებს მოცემულობას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ვუმკლავდები. ნინიასთან გულახდილი საუბრები გვაქვს ხშირად თინეიჯერობის ასაკის შესაბამის თემებზე, ზუკა ფეხბურთელია და უყვარს, როცა მის ვარჯიშებს ან თამაშებს ვესწრები, ილია კი მასთან ერთად იატაკზე კოტრიალს და ,,სპაიდერმენობანას’’ თამაშს მთხოვს. ჩემი მეუღლეც დაკავებულია, მაგრამ ვცდილობთ, ერთმანეთის გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მივიღოთ, პერიოდულად განვმარტოვდეთ და ერთმანეთისთვის მუდმივად საინტერესოებად დავრჩეთ.

როგორ დაუკავშირდა თქვენი ისტორია Apart Development-ს? როგორ მიხვედით კაფის მომსახურე პერსონადან წარმატებული დეველოპერული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორობამდე?

როგორც აღვნიშნე, ამ გზას დიდხანს და ძნელად გავდიოდი, 15 წლიან სამუშაო გამოცდილებას, ემატება 8 წლიანი აკადემიური განათლება, თუმცა ამ კუთხით არასდროს ვჩერდები და მუდმივად ვცდილობ გავიარო ჩემთვის საჭირო პროფესიული კურსები. ვთვლი, რომ მარტივად მიღწეულს არაფერს აქვს ისეთი გემო, როგორც ბევრი შრომის და დროის შემდეგ, როცა დამსახურებულად გრძნობ, რომ აქამდე სწორად გივლია. ეს საქმესაც ეტყობა, როცა მენეჯერმა იცის სტაჟიორის დონეზე ვის რა კომპეტენცია, განცდები და საჭიროებები აქვს, ბევრად უფრო სწორია მის გადაწყვეტილებებში. უკეთ აფასებს თითოეული თანამშრომლის შრომას. პირდაპირ მენეჯერებად და დირექტორებად არ იბადებიან, ამას შესაბამისი კომპეტენციაც სჭირდება, რათა თანამშრომლებმაც იგრძნონ ეს და დაგაფასონ. ჩემი ძირითადი სფეროს გამოცდილება მარკეტინგია, რაც ერთ-ერთი წამყვანი ძალაა კომპანიებში, თუმცა დირექტორობა კიდევ მეტ ფუნქციას მოიცავს, რასაც ყოველდღიურად ვსწავლობ და ვცდილობ ვიყო ისეთი მენეჯერი, როგორიც მე თვითონ გამიხარდებოდა, რომ მყოლოდა. არა ერთ მაღალი რანგის მენეჯერთან მიმუშავია, შესაბამისად, მაგალითი ბევრი მაქვს, როგორც კარგი, ისე ცუდი. თანამშრომლებისგან ვგრძნობ მხარდაჭერას და პატივისცემას, ეს კი მაიმედებს, რომ არც ისე ცუდად გამომდის ჩემი საქმე.

მინდა ინტერვიუ მამოტივირებელი ფრაზით დავასრულო მათთვის, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, ვინც ხელებს იწვავს ყავის აპარატზე და ცრემლებით იტანს დაუმსახურებელ შენიშვნებს – ეს ყველაფერი გამოცდილებაა და თუ ზუსტად გვეცოდინება, სად გვინდა მივიდეთ, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ცხადია, არც მე ვაპირებ გაჩერებას, ვიზრდები კომპანიასთან ერთად, გვაქვს ამბიციური სამომავლო გეგმები სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში და დარწმუნებული ვარ, 10 წლის შემდეგ, კიდევ უფრო იამაყებენ ჩემი შვილები წარმატებული დედის სტატუსით.

სიახლეების ბმული

სიახლეები

ბოლო სიახლე

card

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს - ინტერვიუ ბექა ხოფერიასთან.

2023 წლის 27 ივნისს

მეტი

card

#OK! OLD CITY PANORAMA ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

სამშენებლო კომპანია Apart Development-მა თავისი უნიკალური პროექტით ახალი სული შთაბერა ძველ თბილისს ისე

2021 წლის 7 მაისი

მეტი

card

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ახალი წევრი - "აპარტ დეველოპმენტი"

გარდა დეველოპმენტი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შეუერთდა შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებადი კომპანია.

2021 წლის 20 მაისი

მეტი

card

რა გეგმები აქვს “აპარტ დეველოპმენტს”?

40 ათასი კვადრატულის მშენებელმა კომპანია აპარტ დეველოპმენტმა ოფისი გახსნა.

2022 წლის 23 ივნისი

მეტი

card

ძველი ქალაქის პანორამა - ახალი სიცოცხლე ძველ თბილისში

თუ აქამდე არ იცოდით, ახლა შესანიშნავი დროა გაეცნოთ კომპანიას

12 თებერვალი 2021

მეტი

card

ჯანსაღი ამბიცია

300%–იანი ზრდა 2022–2023 წლებში – ბექა ხოფერიას „აპარტ დეველოპმენტის“ განვითარებისთვის კონკრეტული, გაზომვადი მიზანი აქვს დასახული.

2022 წლის 2 ნოემბერი

მეტი

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.