0%

300%–იანი ზრდა 2022–2023 წლებში – ბექა ხოფერიას „აპარტ დეველოპმენტის“
განვითარებისთვის კონკრეტული, გაზომვადი მიზანი აქვს დასახული.

კინოსარეჟისორო და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი საკუთარ ანგარიშზე, ფოტოგრაფია და საკუთარი თვალით აღქმული თბილისური ცხოვრების დეტალები – ბექა ხოფერიას მტკიცედ სჯერა, რომ ძველი გატაცებები დღეს ბიზნესის წარმოებაში ეხმარება. მას შემდეგ, რაც ბიზნესს ხელი სერიოზულად მოჰკიდა, მენეჯმენტის რამდენიმე საერთაშორისო კურსი გაიარა და დარწმუნებულია, რომ ამ ცოდნას დიდი წვლილი შეაქვს როგორც გუნდის მართვის სტრატეგიის განსაზღვრის, ისე პროექტების განვითარების საქმეში.

ბექა ხოფერია „აპარტ დეველოპმენტის“ დამფუძნებელია. კომპანია ბაზარზე პირველად 2019 წელს გამოჩნდა და პირდაპირ პანდემიას გაუსწორა თვალი. სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულადაც: ამ წელს ბექა ხოფერიას ბიზნესმა ლიდერის სტატუსი მოიპოვა, რასაც დამფუძნებელი კოვიდრეგულაციებზე ეფექტიან მორგებას და პანდემიის გამოწვევების საბოლოო ჯამში შესაძლებლობებად გარდაქმნას უკავშირებს.

როგორც „აპარტ დეველოპმენტის“ დამფუძნებელთან საუბრიდან ვარკვევ, ბიზნესი მისი დროის მიმართ საკმაოდ მომთხოვნია: სამსახურში თითქმის ყოველთვის პირველი მიდის, მიმდინარე საქმეებზე ანგარიშს იბარებს, საქმიან შეხვედრებს პირადად ესწრება. დეტალებზე ორიენტირება მისთვის და, როგორც მიაჩნია, საქმისთვისაც აუცილებელია. თუმცა აქვს თავისი მეთოდებიც, თუ როგორ შეიძლება, თავი დააღწიოს სამუშაოთი გამოწვეულ სტრესს – ზოგჯერ ოთხივე შვილი სამსახურში მიჰყავს იმისთვის, რომ მოტივაცია აიმაღლოს; ზოგჯერ მოგზაურობს, რადგან ქვეყნების არქიტექტურა განსხვავებულია და ინსპირაციაც, ახალი იდეებიც ზოგჯერ სწორედ სხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებით მოდის. თუმცა, როგორც „ფორბსს” უმხელს, საქმის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს და სამშობლოში თითქმის ყოველთვის სწრაფად ბრუნდება.

2022–2023 წლებში „აპარტ დეველოპმეტის“ გუნდი სამშენებლო მოცულობის 300%–იან ზრდას გეგმავს. მთავარი და, როგორც ბექა ხოფერია ამბობს, ჯანსაღი ამბიცია ძველი თბილისისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაა: თბილისი ურბანულად უნდა განვითარდეს, მომხმარებელმა კი სურვილებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი სერვისი უნდა მიიღოს. „აპარტ დეველოპმენტი“ ადგილობრივ ბაზარზე საკუთარ როლს იმაშიც ხედავს, რომ არა მხოლოდ შექმნას მაღალი ხარისხის პროდუქტი, არამედ ეს სტანდარტი ქართულ ბაზარზეც დაამკვიდროს.

რა­ტომ და რო­დის გა­დაწყ­ვი­ტეთ, რომ დრო­ა, სა­კუთა­რი ბიზ­ნე­სი გქონდეთ?
ფინანსურ დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან ვცდილობდი: ბევრ სფეროს შევეხე: ფლაერებიც დამირიგებია და ეს სულ არ მეთაკილება, რადგან ვთვლი, რომ სანამ მაღალ საფეხურზე ახვალ, საჭიროა, ყველაფერი გამოსცადო – გაჭირვებაც, სიცივეც, ფიზიკური შრომაც… ფული მხოლოდ შრომით იშოვება. დღეს რომ საკუთარი, წარმატებული კომპანიის მმართველი ვარ, ესეც დიდი რისკის შედეგია და სწორედ მიღებულმა გამოცდილებამ მომცა ეს სითამამე.

რის­კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, თუმ­ცა ალ­ბათ ისიც გათ­ვალეთ, რა მოთხოვ­ნის­თ­ვის გე­პა­სუ­ხათ, რომ ბიზ­ნე­სი გა­გე­მარ­თათ და ფეხ­ზე და­გე­ყე­ნე­ბი­ნათ, ასე­ა?

მოთხოვნა ბაზარზე ნამდვილად იყო, ეს ბიზნესმაც იცოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძველ თბილისში ათმაგად რთულია მშენებლობის სფეროს განვითარება და ბევრ შეზღუდვას მოიცავს, რისკზე წასვლა ალბათ გაუჭირდათ. ვფიქრობ, ჩვენ სწორი და თავისუფალი ნიში ვიპოვეთ, არსებულ რეალობას პროექტებიც ადეკვატურად მოვარგეთ და შედეგმაც გაამართლა: ამაში დღითი დღე ვრწმუნდებით, რადგან საკმაოდ დიდი მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძელით და ამით ეს პროცესი არ სრულდება. თბილისისადმი ჩემი სიყვარული და სურვილი, რომ მის ურბანულ განვითარებასა და თბილისური ტრადიციების შენარჩუნებაში პატარა წვლილი მაინც შემეტანა – ეს იყო მთავარი მოტივაცია, სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში რატომაც შევედი.

უფ­რო და­ვა­კონ­კ­რე­ტოთ: რა არის თქვე­ნი ბიზ­ნე­სის მი­სი­ა?

ყველა ბიზნესის მისია ფინანსური სარგებელია, თუმცა ჩვენთვის ასევე უმნიშვნელოვანესია, ვაწარმოოთ მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული, მათ სურვილებსა და საჭიროებებს მორგებული, უმაღლესი ხარისხის მშენებლობა. ამასთანავე – ხელი შევუწყოთ ძველი თბილისის ურბანულ განვითარებას და განახლებას. ასევე მაქვს გარკვეული აზარტი განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურებზე ასვლის.

„ფორბსი“ ვართ. რიცხ­ვებ­ში გავ­ზო­მოთ.

ჩვენი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მესამე კატეგორიას გასცდა და ვფიქრობთ, მომდევნო წელს მეორეში თამამად გადავინაცვლებთ.

რო­გო­რი მე­ნე­ჯე­რი ხართ – ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მარ­თვა უფ­რო მოგ­წონთ თუ დე­ლე­გი­რე­ბუ­ლი?

თავიდან, როცა ძალიან პატარა გუნდით დავიწყეთ მუშაობა, ბევრ ფუნქციას თავად ვითავსებდი და, შესაბამისად, მართვის ფორმაც ცენტრალიზებული იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც გავიზარდეთ და ჩვენს გუნდს არაერთი პროფესიონალი მენეჯერი შემოუერთდა, ახლა უკვე შესაბამის დეპარტამენტებში ხდება ყველა საკითხის დელეგირება. ამასთან, გუნდის რიგით წევრად დღემდე ვრჩები და სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაშიც სიამოვნებით ვერთვები.

რა შემ­თხ­ვე­ვა­ში იტყ­ვით (ან ამ­ბობთ), რომ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი­ა?

ჩვენი ბიზნესის წარმატებაზე უამრავი კმაყოფილი კლიენტი, მათი რეკომენდაციები და სასურველი ფინანსური მაჩვენებლები მეტყველებს. თუმცა გვაქვს ამბიცია, რომ განვითარება არასდროს შევწყვიტოთ და ყველა ეტაპზე წარმატებულები ვიყოთ.
მა­შინ სხვა­ნა­ი­რად დავ­ს­ვამ კითხ­ვას: რა გა­მო­გარჩევთ ბა­ზარ­ზე?

პირველ რიგში, ისევ დავასახელებ ძველი თბილისის უნიკალურ ლოკაციას ახალი მშენებლობებისთვის, შესაბამისად, გასაოცარ ხედს მთელ თბილისზე. ასევე მშენებლობის უმაღლესი ხარისხი და დისტანციური სერვისები, რითაც ჩვენი უცხოელი მომხმარებლებისთვის ბინის შეძენასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ პროცედურებს მნიშვნელოვნად ვამარტივებთ. ასევე – Old City Panorama-ს კომპლექსი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ (ნაწილი უკვე დასრულებულია), პირადად ჩემი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით მაქვს დაგეგმარებული. მინდა, ყველა ის კომფორტი შევქმნა ერთ სივრცეში, რასაც სულ ვნატრობ: პარკინგზე მანქანის სამრეცხაო, სავარჯიშო დარბაზი, აუზი, სასტუმროს ტიპის მომსახურება, კლუბური ტიპის ,,ქომუნითი’’/ სამეზობლო და ა.შ.
გის­მენთ და ვფიქ­რობ, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ბა­ზარ­ზე თქვე­ნი პირ­და­პი­რი კონ­კუ­რენ­ტი…

იმდენად, რამდენადაც ჩვენი პროექტები ძველ თბილისშია, ფაქტობრივად, აქ კონკურენტი არ გვყავს. თუმცა გვიხარია, რომ ქალაქში არაერთი საინტერესო პროექტი გამოჩნდა, მშენებლობის ხარისხიც ამაღლდა: ბიზნესში ჯანსაღ კონკურენციას ამ კუთხით თუ შევქმნით, ეს მხოლოდ მოგებიანი იქნება როგორც თითოეული მოთამაშისთვის, ისე მომხმარებლებისათვის.

ვინ არის თქვე­ნი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი?

ჩვენი მომხმარებელი ის ქართველი აუდიტორიაა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ძველი თბილისის საოცარი ხედი და კომფორტი ერთ სივრცეში. ასევე – უცხოელები, ვინც ჩვენს პროექტებს საინვესტიციო კუთხით აფასებს, რადგან ჩვენი მომსახურება გაყიდვისთანავე არ სრულდება: გვაქვს დიზაინის, რემონტის, შემდეგ კი გაქირავების სერვისი, რაც ძალიან ხელსაყრელი და კომფორტულია ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკურად არ არიან საქართველოში. ისინი გვენდობიან და თავიანთ უძრავ ქონებას სამართავად გვაბარებენ.

ცო­ტა უფ­რო დე­ტა­ლუ­რად ვთქვათ: რა ტი­პის სერვი­სებს აერ­თი­ა­ნებთ და რამ­დე­ნად მუ­შა­ობს ერ­თი სივ­რ­ცის პრინ­ცი­პი?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, გაუადვილოს მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი უცხოეთში მყოფ კლიენტებს, ბინის ყიდვის პროცედურა. ამისთვის შევიმუშავეთ დისტანციური სერვისები, ვართ მათი წარმომადგენლები საჯარო თუ საბანკო სექტორთან, ვუკეთებთ წინასწარ ფინანსურ ანალიზს, თუ რა დროში შეძლებენ ჩადებული ინვესტიციიდან უკუგებას, რამდენპროცენტიანი იქნება ROI კონკრეტული აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში და ა.შ. ჩვენი ქოლგის ქვეშ ერთიანდება ასევე დიზაინერული ჯგუფი Apart Showroom-ი, რომელიც ბინის დაგეგმარებიდან საბოლოო სარემონტო სამუშაოების სრულ ციკლს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამშენებლო პროცესსაც ჩვენივე კომპანია Apart Construction-ი ხელმძღვანელობს, რაც მშენებლობის მაღალი ხარისხის გარანტია. Apart Architect-ი კი პროექტების დაგეგმარებას ახორციელებს.

კლი­ენ­ტი ყო­ველ­თ­ვის მარ­თა­ლი­ა?

ჩვენი პროდუქტიდან გამომდინარე, კლიენტებისადმი განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს: თითოეულთან საკმაოდ ხანგრძლივი და დეტალური სამუშაო პროცესი მიდის. ძვირად ღირებული აპარტამენტის შეძენის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის, სწორედ ამიტომ ყველა წვრილმან დეტალს წინასწარ გავდივართ: ხან ჩვენ ვერგებით მათ მოთხოვნებს, ხან ისინი მოგვყვებიან ჩვენ მიერ შეთავაზებულ რაციონალურ გადაწყვეტილებებზე და საბოლოო ჯამში ორივე მხარე ერთმანეთთან პირნათელი და მართალია.

რა არის დღეს თქვე­ნი ტი­პის ბიზ­ნე­სის­თ­ვის მთა­ვარი გა­მოწ­ვე­ვა?

ალბათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ზოგადად, ბიზნესის გამოწვევა მსოფლიოში შექმნილ არასტაბილურ სიტუციაზე მორგება და შესაბამისი პროდუქტის თუ მომსახურების შექმნაა. დიდი გამოწვევაა ასევე არამყარი ვალუტის ფარგლებში ფასის სწორად განსაზღვრაც.

რამ­დე­ნად ად­ვი­ლია დღეს ბა­ზარ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნალი კად­რე­ბის პოვ­ნა და მო­ზიდ­ვა და რო­გორ უმ­კლავ­დე­ბით ამ გა­მოწ­ვე­ვას?

სამწუხაროდ, ბაზარზე პროფესიონალი კადრების დეფიციტია, განსაკუთრებით – სამშენებლო სფეროში. დიდია გადინება ქვეყნიდან. თუმცა ამ ეტაპზე მოვახერხეთ და ნამდვილად ძალიან სანდო და პროფესიონალი გუნდი გვყავს შეკრული როგორც მენეჯმენტში, ისე მშენებლობაზე. ზოგადად, ჩემი სურვილი და მიზანია, ადგილობრივი კადრები დავასაქმო, თუმცა უცხოეთის გამოცდილებაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ხშირად კონსულტაციისთვის უცხოელ ექსპერტებსაც მივმართავთ.

რა არის ის ძი­რი­თა­დი უნა­რე­ბი, რა­საც და­საქ­მე­ბულებ­ში ეძებთ?

პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, ლოგიკური აზროვნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სანდოობა. ამბობენ, რომ კარგი უფროსი ვარ, თუმცა მე თვითონ კარგად ვიცი ჩემი ხასიათის თავისებურებები, რაც ალბათ ჩემი თანამშრომლებისთვის მარტივი არ არის, ამიტომ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ერთგულებისა და გვერდით დგომისთვის.

ისე, სა­ინ­ტე­რე­სო­ა: სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლი და­ა­ბანდეთ თქვენს ბიზ­ნეს­ში თუ ბან­კებს მი­მარ­თეთ? და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თუ თა­ნამ­შ­რომ­ლობთ?

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პირველი პროექტი მცირე ნასესხები ფულით დავიწყე – მართალია, მალევე დავაბრუნე, რადგან პროექტმა გაამართლა. შემდეგ უკვე, მომხმარებლის მეტი კომფორტის და სანდოობისთვის, ბანკების პარტნიორი გავხდით საკმაოდ მსხვილი პორტფელით. სამომავლოდ, მასშტაბური პროექტების ჭრილში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც არ გამოვრიცხავთ.

რა არის დღეს თქვე­ნი ტი­პის ბიზ­ნე­სის­თ­ვის მთა­ვარი შე­საძ­ლებ­ლო­ბა?

შესაძლებლობაა, შევქმნათ ისეთი ხარისხით პროდუქტი და მომსახურება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს საქართველოში, უძრავი ქონების კუთხით. ასევე – ყველა მობინადრისთვის იქმნება მყუდრო საცხოვრებელი გარემო

.რა სის­ტე­მუ­რი გა­დაწყ­ვე­ტე­ბი თუ რე­ფორ­მე­ბი სჭირდე­ბა ბიზ­ნეს­გა­რე­მოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

კარგი იქნებოდა, ნაკლები ბიუროკრატია სახელმწიფო სტრუქტურებში: ყველაზე მეტი დრო ამ ნაწილს მიაქვს და ბიზნესსაქმიანობის გარკვეულ შეფერხებებს იწვევს.

რას მო­უ­ტანს თქვენს ბიზ­ნესს „ფორ­ბ­სის” ყდა­ზე ყოფ­ნა?

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ეკონომიკური ბეჭდვითი გამოცემა „ფორბსის” ყდაზე გამოჩენილი ადამიანები ჩემთვის ყოველთვის საინტერესო და მისაბაძი იყო. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ოცნებაც კი მქონდა, ოდესმე მეც მათ შორის ვყოფილიყავი. შესაბამისად, პირადად ჩემთვის ეს უკვე სტატუსია, რომლისკენაც აქამდე მივდიოდი და მინდა, მადლობა გითხრათ ამ შესაძლებლობისთვის. კომპანიის ჭრილში კი ეს სანდოობასა და ხარისხს უდავოდ ხაზს უსვამს.

შე­ჯა­მე­ბის­კენ წა­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი: რამ­დენად ად­ვი­ლია დღეს არ­სე­ბულ გლო­ბა­ლურ ვი­თა­რე­ბაში პროგ­ნო­ზი­რე­ბა და და­გეგ­მ­ვა?

ადვილი ვერ იქნება ის, რაც შენს შესაძლებლობებს აღემატება. ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, პანდემიის კრიზისი თუ ომი მეზობელ ქვეყნებს შორის, ქმნის სირთულეებს, თუმცა თუ კომპანიაში სწორად ხდება მოვლენების აღქმა და შეფასება, შესაბამისად პოულობ გზას, რომ არ გაჩერდე და პირიქით, შენი საქმით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას გვერდით დაუდგე.

და სულ ბო­ლოს – გაგ­ვიმ­ხი­ლეთ რამ­დე­ნი­მე სა­მო­მავლო გეგ­მა, რო­მელ­თაც უნ­და და­ე­ლო­დონ რო­გორც თქვე­ნი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი, ისე – კონ­კუ­რენ­ტე­ბიც…

ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ ძველი თბილისის განვითარება რჩება, თუმცა ახალი გამოწვევებიც მუდმივად გვაქვს და არ გამოვრიცხავ, ახლო მომავალში დედაქალაქს გავცდეთ.

სიახლეების ბმული

სიახლეები

ბოლო სიახლე

card

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს - ინტერვიუ ბექა ხოფერიასთან.

2023 წლის 27 ივნისს

მეტი

card

#OK! OLD CITY PANORAMA ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

სამშენებლო კომპანია Apart Development-მა თავისი უნიკალური პროექტით ახალი სული შთაბერა ძველ თბილისს ისე

2021 წლის 7 მაისი

მეტი

card

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ახალი წევრი - "აპარტ დეველოპმენტი"

გარდა დეველოპმენტი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შეუერთდა შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებადი კომპანია.

2021 წლის 20 მაისი

მეტი

card

რა გეგმები აქვს “აპარტ დეველოპმენტს”?

40 ათასი კვადრატულის მშენებელმა კომპანია აპარტ დეველოპმენტმა ოფისი გახსნა.

2022 წლის 23 ივნისი

მეტი

card

ძველი ქალაქის პანორამა - ახალი სიცოცხლე ძველ თბილისში

თუ აქამდე არ იცოდით, ახლა შესანიშნავი დროა გაეცნოთ კომპანიას

12 თებერვალი 2021

მეტი

card

ფესტივალი "კახეთის ჯაზი და ღვინო"

15-16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate), რიგით მეექვსე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“

2022 წლის 12 სექტემბერი

მეტი

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა